ბოლნისში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

20 ივლისი 2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამჟამად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას წყალი   7-8 საათიანი გრაფიკით მიეწოდება, პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივებს 24-საათიან წყალმომარაგება ექნებათ.  სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში  1821 ოჯახს დაუმონტაჟდა წყლის მრიცხველები, მიმდინარეობს სამი რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები,  დაგეგმილია საქლორატორო ნაგებობის მშენებლობა.

პროექტი 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის  ბოლოს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. პროექტს ქართული კომპანია შპს ,,ჯავა“ ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი ექსპლუატაციაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციას - „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ გადაეცემა.