მგფ-მა დევნილთა დასახლებებში 13 სპორტული მოედანი გააკეთა და 185 ოჯახს გამათბობელი დაუმონტაჟა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 3 სპორტული მოედანი და 10 საბავშვო მოედანი გააკეთა.  ამას გარდა, 185 დევნილ ოჯახს დაუმონტაჟდა გათბობის სისტემა. პროექტის საერთო ღირებულება  1 356, 267, 24 ლარია. ხონის დევნილთა დასახლებაში სათამაშო და სპორტული მოედნები, დევნილთა და განსახლების მინისტრმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა „USAID”-ის მისიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს. 

პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, კერძოდ: ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ქუთაისში,  წყალტუბოში, ვერხვებში და ახალსოფელში განხორციელდა 10 საბავშვო მოედნისა და 3 სპორტული მოედნის მშენებლობა. აღნიშნული პროექტი 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა. პროექტს ქართული კომპანია შპს ,,ჯავა“ ახორციელებდა. ადგილზე დასაქმებული იყო 60 ადამიანი. მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლე იყო. ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 185 ოჯახში გამათბობლები დაამონტაჟა. ადგილზე დასაქმებული იყო 25 ადამიანი, მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლე იყო.

საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) $52 მილიონიანი მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის დახურვის ცერემონია ხონში გამართა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, USAID-ის მისიის  დაფინანსებით,     მუნიციპალური განვითარების ფონდის    მიერ აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არაერთ ობიექტს. სწორედ ასეთი თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 40 000 იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი პირობები;  17 ყოფილი საავადმყოფო გადაკეთდა სრულად უზრუნველყოფილ საცხოვრებელ ბინად; გაუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა 22 კოლექტიურ ცენტრში;  ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში აშენდა და რეაბილიტირებული იქნა სანიტარული ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა 10 დასახლებაში;  რეაბილიტაცია ჩაუტარდა მცხეთის, დუშეთის, გორის, ქარელის და ონის 25 კილომეტრიან გზას. აშენდა ონის წყლის სათავე ნაგებობა და განხორციელდა 32 კილომეტრიანი სარწყავი არხის სრული რეაბილიტაცია შიდა ქართლში;